შეაფასეთ ყველაფერი!..

რევიუების #1 პორტალი საქართველოში

ცეკვა უნდა გაგრძელდეს!

ავტ. ვახო ქარელი

"წიგნები იარაღოს ნაცვლად, კულტურა ძალადობის ნაცვლად."

ავტ: გილბერტ ადერი


"ყველანი ქუჩაში", ეს მოწოდებაა 2003 წლის ფილმიდან, რომელიც ბერტოლუჩიმ 1968 წლის გაზაფხულის პარიზის სტუდენტურ გამოსვლებს მიუძღვნა.

2018 წლის 12 მაისის "შავი პარასკევი" არაფრით ჩამოუვარდება იდეურად პარიზში 50 წლით ადრე მომხდარს.

საბჭოთა ცნობიერებისგან გათავისუფლება და ევროპულ ოჯახში შესვლა საკმაოდ გაგვიჭიანურდა ამ ინფორმაციულ ეპოქაში, სადაც დრო აჩქარებულია. რისი/ვისი ბრალია? - აბსოლუტურად ყველასი, თითოეული ჩვენგანის. ახალგაზრდები, რომლებიც რუსთაველზე იდგნენ და იმედი მაქვს, კიდევ უფრო მრავლად და ორგანიზებულად დადგებიან მალე, ზუსტად ამ დასავლურ კურსს ირჩევენ, სადაც კარგად ესმით, რას ნიშნავს იყო ინდივიდუალური, სამწუხაროა, რომ საბჭოთა ცნობიერების ადამიანებმა ეს აქცია ნარკორეალიზატორების სოლიდარობის გამომხატველად მიიჩნია და ვერ დაინახა, რა დიდი კულტურული რევოლუცია შეიძლება მომხდარიყო.

ჰო, ჩვენ გვაქვს სასტიკად რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ჰო, ჩვენ ჰომო საპიენსები სრულწლოვან ასაკში მოაზროვნე არსებები ვართ ხოლმე და გვაქვს უფლება დამოუკიდებლად, თავად განვკარგოთ ჩვენი ცხოვრება და არავინ, ვინც არ უნდა იყოს ის, არ უნდა ერეოდეს მასში.

დიახ, ახალგაზრდებმა ექსპერიმენტებით შეიძლება უკეთ ისწავლონ და გაიაზრონ თავისი შეცდომები, ვიდრე სხვებმა იზრუნონ და დაიცვან მისგან. საბედნიეროდ ეს თაობა მიჯნავს, რა არის მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი. იცის, რომელია trash და რა შედეგების მომტანი. დიახ, იცის. ციფრული ეპოქის შვილია, მშობლიური ენის გარდა, მინიმუმ, ორ უცხო ენას, ინგლისურის ჩათვლით, აუცილებლად ფლობს და შეუძლია უბრალოდ დაგუგლოს და მიიღოს ინფორმაცია. ასევე, ციფრული ეპოქის ახალგაზრდებს შეუძლია გაარჩიოს რა fake-ია და რომელი სანდო. დიახ, მათ აქვთ განათლება და ისიც იციან, რა უნდათ და რატომ. ჰო, ეს განსხვავებული ადამიანები იდეამ - იყვნენ რეფორმატორები, არა მხოლოდ ნარკოპოლიტიკაში, არამედ იყვნენ თავისუფალნი და ხელშეუხებლები თავის პირად ცხოვრებაში, იქნება ეს სექსუალური თავისუფლება, თუ ჰუმანური მოპყრობა თანასწორად - გააერთიანა და შექმნა სამოქალაქო აქტივიზმი. ვერ ვიგებ, ასე ზედაპირულად ადამიანებს როგორ შეუძლიათ დასკვნების გამოტანა? ყალბი ფაქტებით?

ბერტოლუჩიმ გილბერტ ადერის ნაწარმოების მიხედვით შექმნილ "მეოცნებენში" საშუალო სოციალური ფენის ინტელექტუალების ოჯახი შემთხვევით არ შეარჩია. მშობლები და შვილებია, პლუს, ერთი ამერიკელი მეგობრით. ეს ფილმი იდეალური ფორმულაა ჩვენი დღევანდელობისთვის. მამა განზე დგას, დარწმუნებულია, რომ ყველაფერი თავის ადგილზეა და არაფერი შეიცვლება. "აბა მითხრით, რას ვხედავთ ჩვენს ირგვლივ? ქაოსს. აბსოლუტურ ქაოსს. მაგრამ ღმერთივით თუ ზევიდან გადმოვიხედებით, მოგვეჩვენება, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დგას. ჩემი შვილები ფიქრობენ, რომ მათი დემონსტრაციები, გაფიცვები, აქციები მხოლოდ საზოგადოების პროვოცირებას კი არ ახდენს, არამედ საზოგადოების შეცვლასაც ემსახურება." ტეო მშობლების რადიკალური შვილია, რომელსაც მიჩნია, რომ ისინი მას მხოლოდ მაშინ გაუგებენ თუ სასამართლოს გადასცემს და ისინი სადმე მიყრუებულ ადგილზე გადაასახლებენ, რომ თვითკრიტიკა ისწავლონ.

კადრი ფილმიდან: The Dreamers (2003)


ხშირად ვფიქრობ, რამდენად საჭიროა რადიკალიზმი, როცა ჩვენ ქართველები თითქოს ყველანი რადიკალურები ვართ? განსაკუთრებით შსს-ის მინისტრის "ბოდიშის" შემდეგ დავფიქრდი ამაზე. იმ წუთში, ძალიან გავბრაზდი აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით. გამოძინებულზე კი, ემპათიურად განვეწყვე. მინახავს, რას ნიშნავს, როცა გახევებული ბრბოს ალყაში ხარ, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როგორ გაუხეთქა თავი შემთხვევით ფორტუნას ჟურნალისტს მრევლმა 2013 წლის 17 მაისის აქციაზე სასულიერო პირების ლოცვა-კურთხევით. წარმოვიდგინე, ეს რა განცდაა და რას ნიშნავს ამ დროს კომპრომისზე წასვლა. როცა მინისტრს ხვდები, გეუბნება, არ გვინდა დავარბიოთ მოძალადეებიო და შენც ენდობი ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში, ადამიანურად მიმაჩნია. ისინი მთელი დღე იქ იდგნენ, დაღლილი გონებით, მომეტებული საფრთხის წინაშე. შსს-ის მინისტრმა, ორი დღე-ღამის მანძილზე კარგად გაწვრთნილმა მოლაპარაკების ხელოვნებაში, თავისი მიიღო. მაგრამ ეს აქ არ უნდა დასრულდეს. ჰო, ეს მედიაციაა, დავის ალტერნატიული გადაწყვეტა. ბოდიშის მოხდის ნაწილს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საფუძვლების ლექციაზე მთელი სემესტრი დავუთმეთ.

დიახ, მაჰათმა განდიც და მანდელაც საუკეთესო მედიატორები იყვნენ და კარგად შეეძლოთ ემართათ მოვლენები. მედიაციას დიდი გამოცდილება, ცოდნა სჭირდება და მეორე მხარე სათანადოდ უნდა დახვდეს, რომ სახელისუფლებო პირისგან, რომელიც პოლიტიკოსია და ნამდვილი მედიატორისგან განსხვავებით ყველაზე ნაკლებად სანდო, დემონსტრაციები იქამდე უნდა განაგრძოს, ვიდრე მორიგი უფლების შემზღუდავ ცვლილებას შეიტანს ხელისუფლება კანონმდებლობაში.

საფრანგეთში რევოლუციას საფუძველი აკრძალვამ დაუდო. კინომანები გამოვიდნენ. მათ უნდოდათ ფილმები ხალხისთვის ეჩვენებინათ, ვიდრე სარდაფში მტვერი დაედებოდა მათ, გვეუბნება ტეოს პერსონაჟი. რომელ თავისუფლებაზე უნდა გვქონდეს პრეტენზია? თუ აზრი საჯაროდ ვერ გამოვხატეთ? ჰო, თავისუფლებას მემკვიდრეობით ვერ მივიღებთ, ის ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ. საკუთარი კულტურული რევოლუცია საზოგადო უნდა გავხადოთ. სახლში გამოკეტილებმა კი არა, იქ, ჰო, ქუჩაში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება, სადაც რაღაც უნდა შეიცვალოს. სახლში არ უნდა დავრჩეთ, კარგი ღვინის სმით, ფილმებსა და მაოიზმზე საუბრით. გარეთ უნდა გავიდეთ და თუ საჭიროა, სპეცრაზმსაც ვაჩვენოთ, რომ, დიახ, ის ვალდებულია ანგაჟირებული ბრბოსაგან დამიცვას და ყველა მათგანი დააკავოს. მინისტრმა კი ნაკისრი პასუხისმგებლობა ჯეროვნად უნდა შეასრულოს. თუ არადა ცეკვა დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს. ტეოს მსგავსად ორი ადამიანი ბევრი არ უნდა გვეგონოს, მილიონ ადამიანს უნდა დავანახოთ ეს, რომ ჩვენ სტიგმადასადები, ამოსაწყვეტი თაობა კი არა, განათებული, თავისუფალი, თანასწორი და მშვიდობიანი ადამიანები ვართ, რომლებსაც საკუთარი ხელშეუხებელი ცხოვრება გვინდა. 

ავტ. ვახო ქარელი
უგემოვნო vs გემოვნებიანი
 

კომენტარი

ამჯერად გაგიმართათ, თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ პირველი კომენტარი
ხართ ედვენსელი? შ ე ს ვ ლ ა
Guest
ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი 2018