შეაფასეთ ყველაფერი!..

რევიუების #1 პორტალი საქართველოში

ედვენსელთა ბლოგები

საიტზე რეგისტრირებულ ყველა იუზერს შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი ბლოგპოსტი

წვიმიანი არაბული გაზაფხული

89_1_yemen_protest-1
ეს პოსტი ეძღვნება ყველა ჩემ არაბ მეგობარს, რომელიც სიცოცხლისთვის მუდმივად იბრძვის!

თორივან ადამი, 29 წლის, გრაფიკული დიზაინერი.

ალეპო, სირია.

ახლა: ბად ნოიენარ-არვაილერი, გერმანია


ვფიქრობ, სირიის ომი თანდათანობით დაიწყო და არა ერთბაშად, რომელიც დღემდე  გრძელდება. საზოგადოების დიდი ნაწილი უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების გარეშე. ადრე თუ გვიან, ხომ უნდა ამოსვლოდათ ყელში ამდენი უსამართლობა... და არაბული შავი გაზაფხულიც მოიყვანა. აგერ უკვე მერამდენე წელია, არაბული ქვეყნების მოსახლეობის ნაწილი ომთან ერთად ცხოვრებას სწავლობს, ბევრი კი უკეთესი ცხოვრებისთვის საკუთარ სახლს ტოვებს. ჩვენ 2012 წელს გავხდით იძულებულები დაგვეტოვებინა ჩვენი ქვეყანა, ქალაქი, რადგან სწორედ მაშინ დაიწყო ალეპოში ომი. ჩემი აზრით, ეს ყველაზე საშინელი პერიოდია სირიის ყველა სხვა კრიზისთან შედარებით. ჩემმა მშობლებმა გერმანიაში წამოსვლა გადაწყვიტეს. ეს იყო უკიდურესი გამოსავალი. ზღვა გადავცურეთ. მე და სიკვდილი ერთმანეთს პირისპირ შევხვდით. გადავურჩი. ახლა მოსაყოლად მარტივია. ეს იყო გამოუთქმელად დიდი საშინელება...
თუმცა, აქ განსხვავებული ცხოვრება დავიწყე და ვფიქრობ, ჩემი ცხოვრება გერმანიაში არის საუკეთესო შესაძლებლობა ჩემთვის, მიუხედავად ყველა სირთულისა. აქ მაქვს უფლებები და ჩემს მიღმა ადამიანებთან სწორედ ამ ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით ვარ თანაბრად დაკავშირებული. აქ ძალიან ბევრი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ დაიწყო ახალი ცხოვრება ნულიდან.

საბოლოოდ, მე დავკარგე ჩემი ქვეყანა, სადაც ბავშვობა გავატარე, ჩემი მეგობრები, სკოლა, უნივერსიტეტი, მაგრამ ახლა მაქვს ჩემი საყვარელი საქმე, ახალი მეგობრები, თავისუფლება, რაც მნიშვნელოვანია.
- რა შეგიძლია მითხრა სირიაში ქალთა უფლებებთან დაკავშირებით?
- სირიაში, ქალი არასდროს ყოფილა კაცის თანასწორი, მათ არასდროს ქონიათ იმდენი უფლებები, რამდენიც ევროპაში. ფაქტობრივად, ქალებს სირიაში და ზოგადად შუა აღმოსავლეთში უფლებები არ გააჩნიათ. ვფიქრობ, ეს სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი დაუცველობის, საზოგადოების გულგრილობის და ზოგადად, რეჟიმის მკაცრი პოლიტიკის ბრალია, რაც ვერ ავითარებს ქვეყანას.
ჩემი ძალიან ბევრი მეგობარია ახლა ალეპოში, რომლებსაც არ აქვთ იქიდან წამოსვლის შესაძლებლობა. მაგალითად, არასაკმარისი თანხები, ან სხვა შემაფერხებელი გარემოებები ან უბრალოდ, არ უნდათ ნათესავების მიტოვება.
ადამიანები იქ ცხოვრობენ მომავლის გარეშე და ცხოვრებას ასე ამ რეჟიმში ატარებენ. იტანჯებიან მცირედი საყოფაცხოვრებო პირობების გამო. მაგალითად, არ აქვთ ელექტრო ენერგია, საკმარისი წყალი და ზოგჯერ საკვებიც კი.

ნაჯრან ჰოსრომი, 23 წლის, სტუდენტი.
ამრანი, იემენი
ახლა: აფონი, თურქეთი

ჩემი აზრით, არაბული გაზაფხული მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო დაიწყო. ღარიბ ახალგაზრდებს სურდათ, მათი ცხოვრება ყოფილიყო ისეთივე შეძლებული, როგორიც სხვა ქვეყნებში. იემენიც ჩაერთო ამ ამბებში, როგორც სხვა არაბული ქვეყნები თანდათან.
ვფიქრობ, ახლა იემენში ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებისგან აქვს მხარდაჭერა. თურქეთის მსგავსად, როგორც აქ PKK (Kurdistan worker's party) და თურქეთის სახელმწიფო არმიაა დაპირისპირებული ერთმანეთთან. იგივე მდგომარეობაა ირანშიც.
-ტერორისტული?
- ჰო, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი იყენებს იარაღს იემენის ჯარის წინააღმდეგ. ბევრი ქვეყანა ამბობს, რომ ისინი ტერორისტები არიან, ასე თურქეთი მოიხსენიებს ქურთებს, ზოგი კი არ ეთანხმება ამ აზრს. მაგალითად, ერევანი.
- რა არის შენთვის მშვიდობა?
- მშვიდობა ცხოვრებაა.
- თავისუფლება?
- აკეთო ყველაფერი, რაც გსურს ისე, რომ არ შეზღუდო მეორე ადამიანის თავისუფლება და არ შეურაცხყო მისი კულტურა.
- მომიყევი, როგორ აღმოჩნდი თურქეთში?
- მე ლტოლვილი არ ვარ. აქ ჩემივე ნებით წამოვედი სასწავლებლად. თუმცა არიან იემენიდან ლტოლვილებიც, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები.
- რა გიყვარს და გენატრება ყველაზე მეტად იემენში?
- სოკორტას კუნძული მიყვარს, რომელიც არაბეთის ზღვასთანაა. მენატრება ყველა, ჩემი ოჯახი, მეგობრები...
- შენს სტუდენტურ ცხოვრებაზე რა შეგიძლია მითხრა?
- მომწონს, კარგია. როცა სწავლას დავამთავრებ, ვაპირებ, მაგისტრატურა გავიარო და დოქტორის ხარისხიც დავიცვა, თურქეთშივე ან რომელიმე სხვა ქვეყანაში. ჩემი მიზანია, მეცნიერი გავხდე.

როგია აბდულვალი ანტერ, 26 წლის, მასწავლებელი.
'იბ, იემენი (რომელიც გადაიწვა).
ახლა: სანა'ა, იემენი.

სანა'ა ხელოვნების ქალაქია. იემენის მოსახლეობის დიდი ნაწილი ახლა აქ ცხოვრობს, რამაც ის ძალიან განსხვავებული გახადა. სანა'ას დიდი ისტორია აქვს. ათასობით წლის წინ დაარსდა.  აქაურები ძალიან კეთილი და თავაზიანი ხალხია.
მაგრამ ომმა ყველაფერი შეცვალა. ჩვენი ცხოვრება ყველაზე რთული გახდა, ვიდრე აქამდე ყოფილა. უამრავი პრობლემაა. არ გვაქვს ელექტროენერგია, საკმარისი ბუნებრივი აირი, წყალი. ყველაფერი უნდა იყიდო. ჯანდაცვის მდგომარეობა საგანგაშოა. ირგვლივ ბევრი ინფექციაა. უამრავი რამ განადგურდა. ადამიანები ერთმანეთს ებრძვიან.
 ჩვენ ვართ ძლიერები. ჯერ კიდევ შეგვიძლია ცხოვრება და ბრძოლა განათლებისთვის. ჰო, შეგვიძლია, ვისწავლოთ ცხოვრება ასეთ მძიმე სიტუაციაში. მართალია ომმა განადგურა ყველაფერი, მაგრამ ჩვენი სიკეთეები - ვერა.
ეს საშინელება 2015 წელს დაიწყო. ალ ჰუტი და მისი ჯგუფი ჩვენს პრეზიდენტს დაუპირისპირდა. ის კი საუდის არაბეთში გაიქცა დახმარების სათხოვნად. ამგვარად, საუდის არაბეთმა ბრძოლა დაიწყო ალ ჰუტის ჯგუფის წინააღმდეგ, რამაც, ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყანა დააქცია. იემენში თითქმის ყოველდღიურად კვდებიან ადამიანები. მე ერთს, ჩემთვის ყველაზე ტრაგიკულს გამოვყოფ. ერთ ღამეს ტაიზში ალ ჰუტის ჯგუფის წევრების გამო საუდის არაბეთის  სამხედრო საჰაერო ძალების მიერ თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ერთი ოჯახი დაიბომბა. სასიკვდილო წვიმას მხოლოდ მათი მცირეწლოვანი შვილი გადაურჩა, თუმცა დასახიჩრდა. როცა ბავშვმა თვალები გაახილა, აღმოაჩინა, რომ ვერ ხედავდა. ატირდა. მშობლებს ეძახდა დახმარებისთვის, მაგრამ ისინი გარდაცვლილები იყვნენ.
- ვწუხვარ. ბოდიშს გიხდი, რომ ასეთი მძიმე ამბის კიდევ ერთხელ გახსენება მოგიწია.
- ნუ მიხდი ბოდიშს. როგორც გითხარი, სამწუხაროდ, აქ მსგავსი ტრაგედიები ყოველდღიურ ჩვეულებად იქცა.
- რას ნიშნავს შენთვის იემენი?
- იემენი ჩემი სამშობლოა, სიყვარული, კულტურა, ისტორია, სიტყვების სამოთხე, დიდებული ბუნება, სუფთა ჰაერი. ტრაგედიის მიუხედავად, იემენი რჩება ჩემთვის საუკეთესოდ. სანა'ა მთელი იემენის სახეა, ჩემი საყვარელი ქალაქი.
- შესაძლებლობა რომ გქონდეს, რას იზამდი ომის დასასრულებლად?
- ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ოღონდაც დასრულდეს. უპირატესად, განათლებას გავაუმჯობესებდი, რადგან მიმაჩნია, მხოლოდ განათლებულ ადამიანებს შეუძლიათ გადაჭრან ეს პრობლემა.
- როგორი მდგომარეობაა იემენში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით?
- იემენში ქალთა მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ყველა უფლება გვაქვს. ადრე გოგოებს ბევრი უფლება არ ჰქონდა, მაგრამ ბოლო პერიოდში მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. შეგიძლია გააკეთო ყველაფერი, რაც გსურს. მაგალითად, ისწავლო, იმუშაო, იცურო, დაუკრა, იცეკვო... მაგრამ ჩვენ გვაქვს პირადი სივრცე, რაც ჩვენ გვიქმნის კომფორტს. ჩვენი ტანსაცმელის ტრადიცია კი ჩვენი რელიგიური კულტურიდან მოდის.
იემენში უმრავლესობა ნიქაბს ატარებს, მაგრამ აქვეა არც ისე ცოტა გოგო/ქალი, რომელიც ატარებს ჰიჯაბს, რაც სახეს არ ფარავს. ჰიჯაბი და ნიქაბი წმინდა საგნებია და ჩვენ მას სიყვარულით ვატარებთ, რაც ჩვენ სხვებისგან გამოგვარჩევს და დაცულობის შეგრძნებას გვიჩენს. ყველაფერს ვაკეთებთ. არ გვზღუდავს. მე ნიქაბს ვატარებ. ის მიცავს კაცების უსიამოვნო, ოღრაში მზერისგან. ფსიქოლოგებიც ამბობენ, რომ მამაკაცის პიროვნებას მოსწონს ის, რაც ძნელად მიიღწევა. თუ მან გოგო მარტივად იპოვა, ის მის მიმართ პატივისცემით აღარაა განწყობილი, მეტწილად სექსუალურ ობიექტად აღიქვამს და ურთიერთობაც ხანმოკლეა ან სულაც ერთჯერადი. ნიქაბი და ჰიჯაბი კი არის სამოსი, რომელიც განასხვავებს ქალებს კაცებისგან, გვიცავს მათი ცხოველური ინსტიქტებისგან. ამგვარად, კაცები ქალის პიროვნული ხასიათით ინტერესდებიან მხოლოდ და არა ვიზუალით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როცა ვინმე შენი გონებრივი, პიროვნული თვისებებით იხიბლება და არა - გარეგნობით.
- რომელ ტრადიციას გამოყოფდი?
- ჩვენს სამოსს, არქიტექტურას, მუსიკას, ქორწილის რიტუალს, ურთიერთმეზობლურ, კეთილშობილურ დამოკიდებულებას.


ამარ ასკარი, 27 წლის, ფინანსური მენეჯერი.
სანა'ა, იემენი

არაბული გაზაფხული იყო მკრთალი იმედის შუქი არაბი ხალხისთვის ტირანიისგან გამოსახსნელად. იემენში პოლიტიკური მდგომარეობა გამოუვალ მდგომარეობაში იყო. ხალხის სოლიდარობა ტუნისის და ეგვიპტელებისადმი კი იემენის ამბოხის გამომწვევი მუხტი აღმოჩნდა, მისი გაგრძელება, რომელმაც სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. რევოლუციამ მთავრობის ძალები სრულად, მმართველობის აღდგენის და შენარჩუნებისთვის, ანტირევოლუციური ქმედებებისკენ მიმართა. დღეს მისი საზრუნავი მხოლოდ ჯარის გაძლიერება და ალ ჰუტის ჯგუფის განადგურებაა. ამასობაში კი ქვეყანაში ცხოვრება დღითიდღე უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება. მაგალითად, ეპიდემიები ვრცელდება, ხელფასი არა აქვს ხალხს, მებრძოლებს კი უხდიან. ასევე შეზღუდულია უფლებები, ჟურნალისტიკა და გამოხატვის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს. ყოველდღიურად იხოცებიან ადამიანები.
ერთ ამბავს მოგიყვები, რომელიც ჩემს საუკეთესო მეგობარს შეემთხვა. მართალია დიდი ხნისაა, მაგრამ დაახლოებით 4 წლის განმავლობაში ხდებოდა. თავიდან სნაიპერის ტყვია მოხვდა თავში. მკურნალობა არ ჩაიტარა, ჩაფხუტს ატარებდა. ამის შემდეგ რევოლუციის მოედანზე, სანას უნივერსიტეტის წინ კიდევ ერთი ჭრილობა მიიღო სნაიპერისგან ბარძაყის არეში და ძვალი დაიზიანა. გადაადგილება აღარ შეეძლო. ქირურგიული ჩარევის შემდეგ ისევ გაიარა. სანა'ას გადატრიალებამდე ეროვნულ ძალებთან ერთად ალ ჰუტის ჯგუფის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობდა. ალ ჰუტის წევრების თავდასხმის დროს 6 მისი მეგობარი მისსავე თვალწინ დაიღუპა. ამასთან, ერთ-ერთი გარდაცვალებამდე 3 საათის განმავლობაში მძიმე ჭრილობებით გამოწვეული ტკივილებისგან იტანჯებოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ვერ შევიდა, რადგან საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა და ირგვლივ ყველგან ძლიერი დარტყმები იყო. ორი კვირის განმავლობაში ჩემი მეგობარიც იტანჯებოდა მარცხენა ფეხის მოტეხილობის და სხვადასხვა მძიმე ჭრილობების გამო. ამის შესახებ მისმა ოჯახმა არაფერი იცოდა, სანამ არ გათავისუფლდა და ჭრილობების მკურნალობა არ დაიწყო ნუქუმის მთაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა საუდის არაბეთმა იარაღის საცავების დაბომბვა დაიწყო, საკუთარ ოჯახთან ერთად სხვაგან გადასვლა მოუწია.
სანამ ემიგრაციულ, იძულებით მოგზაურობაში წავიდოდა და უცხო ქვეყანაში დასახლდებოდა, თავისთვის და საკუთარი ოჯახისთვის უკეთეს ცხოვრებას მუხლჩაუხრელად ეძებდა ისევე, როგორც ათასობით იემენელი ეძებს და იბრძვის.
ბოლოს მას შანსი მიეცა გამგზავრებულიყო იორდანიაში და იქიდან თურქეთში. ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციაში მუშაობს იქ.
- ახლა რა მდგომარეობაა სანა'აში?
- ახლა ყველაფერი თავის ადგილზეა. დამსაქმებლებიც განაგრძობენ თავის სამუშაოებს. მეც ვმუშაობ. იემენი ნაწილებადაა დაყოფილი. ომი პატარა ადგილებშია. ფრენა და მიმოსვლა ძალიან რთულია, მაგრამ ვცდილობთ, გავუმკლავდეთ ყველა სირთულეს. ამას წინათ ელექტროენერგია ჩაგვიჭრეს, მაგრამ მზეზე მომუშავე გაჯეტები შევიძინეთ. ჰო, სიცოცხლის ძალა სიკვდილისაზე მძლავრია. არ გვეშინია. რაც შეეხება კონფლიქტს, მდგომარეობა ძალიან ჩახლართულია. ორივე დაპირისპირებული მხარე გარე ძალებისგან იმართება. ვიღაცამ თქვა და მართალია, იგნორირება და ტირანია ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემააო.

ჰალიმაჰ მოჰამედი, 22 წლის, სტუდენტი.
ამრანი, იემენი
ახლა: მოსთაღანემი, ალჟირი

არაბული გაზაფხული არაბულ ქვეყნებში და განსაკუთრებით, იემენში გამოწვეული იყო დიქტატორული მმართველობის სისტემის გამო. არ არსებობდა აზრის გამოხატვის თავისუფლება, კორუფცია მძვინვარებდა... ამ მდგომარეობამ ყველა ჩვენგანი დაგვაფიქრა. დავსხედით და ჩამოვწერეთ, მაგალითად, რატომ არის ჩემი ქვეყანა ასეთ ცუდ მდგომარეობაში, როცა მრავალი რესურსი გვაქვს? რატომაა ხალხი ლოიალური უსამართლობის მიმართ? რატომ უნდა დავტოვო ჩემი ქვეყანა, რომ კარგი განათლება მივიღო? რატომაა განათლების სისტემა ჩვენთან ჩამოშლილი?
მე მინდა, ვიყო მონაწილე ცვლილებების. მე მსურს, ახალი იემენი, უკეთესი მომავლით. არ მინდა, სხვებმა გააკონტროლონ ჩემი ქვეყანა. ერთადერთი დადებითი ამ ამბოხმა დღესდღეობით რაც მოგვიტანა, შეგვიძლია უშიშრად ვთქვათ - არა! ჰო, ეს ჩემი უფლებაა ვილაპარაკო ხმამაღლა. დიქტატორული მთავრობა ამას გვიზღუდავდა, რამაც ამ საშინელებამდე მიგვიყვანა. მე სიახლის მომხრე ვარ. ვფიქრობ, ეს კარგი არჩევანია, რათა დიქტატურას, კორუფციას ბოლო მოეღოს და იემენი გახდეს უკეთესი. ამიტომ არ უნდა გავჩერდეთ, უნდა ვისწავლოთ მეტი, არ უნდა შეგვეშინდეს და ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლას შევძლებთ.
- როგორი მდგომარეობა იემენში ქალთა უფლებების მხრივ?
- იემენში ქალთა/გოგონათა უფლებრივი მდგომარეობა სხვადასხვაგვარია. მათ ფინანსურ შესაძლებლობასა და ოჯახის განათლების დონეზეა დამოკიდებული.
- ალჟირში როგორ აღმოჩნდი?
- სტიპენდია მოვიპოვე და სასწავლებლად წამოვედი. ფრანგულ უნივერსიტეტში ვსწავლობ, მედიცინის ფაკულტეტზე. მინდა ქირურგი გავხდე.
- აქტიური ცხოვრება როდიდან დაიწყე?
- იემენში, სკოლის პერიოდიდან, კლასელებთან ერთად. ორგანიზებას ვუწევდით სხვადასხვა სახის აქტივობებს და ვაკეთებდით პრეზენტაციებს.
- შესაძლებლობა რომ გქონდეს ახლა, ამ წამს, რას იზამდი?
- ძველ სანას ვნახავდი. საოცრად ლამაზია.
- როგორია შენი სტუდენტური ცხოვრება ალჟირში?
- ძალიან კარგია. ზოგადად უცხო კულტურების, ახალი ადამიანების გაცნობით დაინტერესებული ვარ. ალჟირელები ძალიან კეთილი ხალხია. ალჟირიც მშვენიერია. ბედნიერი ვარ.
- რა არის შენთვის იემენი?
- სახლი, ამბოხი ცხოვრებასთან, სწავლა, ქმედება, რომ ვიყო წარმატებული ქალი, რათა იემენი, ჩემი მხრივ, გავხადო უკეთესი.
- არაბული გაზაფხულის ერთ მძიმე დღე...
- ჰუსეინის, ქიმიური ინჟინერის, ამბავი. მისი ქორწინების ერთი წლის თავზე ის ალ ჰუტის ჯგუფის წინააღმდეგ მებრძოლებს შეურთდა. ალ ჰუტის ხალხი კი მასაც და მის ოჯახის წევრებსაც ავიწროებდა. ამიტომ იძულებული გახდა სანა'ა დაეტოვებინა და საცხოვრებლად მა'რიბში მამასთან, რომელიც პოლიტიკური მეცნიერებების პროფესორია, გადასულიყო. როდესაც შვილი შეეძინაა, ჰუსეინსს უნდოდა ენახა. დედა, მეუღლე და 2 თვის ქალიშვილი გაემგზავრნენ მა'რიბში მამის გასაცნობად. იმავე დღეს, მზის ჩასვლის წინ, ჰუსეინი ალ ჰუტის ჯგუფის წევრების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. როცა მისმა მეუღლემ ტელეფონი ნახა, იქ უამრავი შეტყობინება იყო ქმრისგან, რომელიც მათთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდა. ჩასულს კი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ფადლ აბუ ტალიბი, 25 წლის სტუდენტი.
სანა'ა იემენი
ახლა: კუალა-ლუმპური, მალაიზია.

არაბული გაზაფხული არის უმტკივნეულესი მოვლენა არაბული ქვეყნებისთვის. თუმცა, კარგი ისაა, რომ დიქტატორული რეჟიმი დაემხო. ვფიქრობ, ეს მემაბოხეები მოსყიდულნი არიან, რომ გაანადგურონ ქვეყანა, ჩაკლან გავითარება და კულტურა. კატეგორიულად არ მომწონს დღეს რაც ხდება იემენში.
- მომიყევი შენს სტუდენტურ ცხოვრებაზე კუალა- ლუმპურში.
- პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ აქ წამოსვლა არ მინდოდა. დიდი სიამოვნებით ავირჩევდი სხვა ქვეყანას, რადგან მალაიზია საკმაოდ მკაცრი ქვეყანაა ნახევარი განაკვეთის სამუშაოების მხრივ, რაც სტუდენტებს სირთულეებს გვიქმნის. თუმცა,
აქ ცხოვრება გაცილებით უკეთესია, ვიდრე იემენში. აქ არ გაქვს გადასახადები გადასახდელი, ამისთვის გრანტი და სტიპენდია მაქვს მოპოვებული. მიუხედავად ამისა, მე არ შემიძლია ვთქვა, რომ იემენის გარდა სადმე სხვაგან მირჩევნია ცხოვრება.
- ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ რა შეგიძლია მითხრა?
- მე ვუერთდები და მხარს ვუჭერ საერთო კამპანიას და მჯერა, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს თანასწორად და აკეთოს, რაც უნდა ისე, რომ სხვისი უფლებები არ დააზიანოს. ამ უფლებების შეზღუდვა არ შეიძლება.
- რა არის შენთვის იემენი?
- ყველაფერია. ეროვნება, კულტურა... ადგილი, სადაც დავიბადე და სადაც დავბრუნდები.

ბოჩრა ხენტაჩე, 23 წლის, სტუდენტი.
მოსთაღანემი, ალჟირი

უპირატესად, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ "არაბული გაზაფხული" ამ სახელს არ იმსახურებს. ესაა ნამდვილი ზამთარი, წყვდიადი. მას არაფერი კარგი არ მოუტანია ადამიანებისთვის. ისინი ეძებდნენ იმას, რაც არ ქონდათ და დაკარგეს ის, რაც ქონდათ. ერთადერთ დადებითად, რაც ამ რევილუციას შეიძლება ჩავუთვალოთ არის ის, რომ გაბედეს საუბარი. არაბი ხალხის დიდი ნაწილი შიდა პატიმრობაში იყო, საკუთარ სახლებში გამოკეტილი. ეშინოდათ საუბრის. ამ ზეწოლის წინააღმდეგ ბრძოლა თანდათანობით დაიწყეს და საბოლოოდ, თქვეს "არა!" როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ ამის თმის უფლება ჰქონდათ.
ეს რევოლუციები არ იყო ორგანიზებული და ის შედეგი ვერ გამოიღო, რისთვისაც დაიწყო. უარესი, დიქტატურა გადაიქცა დაუსრულებელ ომად რელიგიურ კონფესიებსა და სექტებს შორის. არ ვიცი, ზუსტად ახლა რა ხდება და რატომ. იმიტომ, რომ ჩემთვის არაფერია ნათელი ამ კონფლიქტში. ერთმანეთში იბრძვიან როგორც საერთო, ასევე განსხვავებული რელიგიის მქონე ხალხი, განსხვავებული იდეოლოგიის და მოსაზრებების ხალხი. გაზაფხული სიბნელედ და ექსტრემიზმად იქცა. ადამიანთა კვლა ნორმა, ჩვეულებრივი ამბავი გახდა, სისხლის ზღვები დადგა. არავინ იცის ვინ ვის ესვრის და ვინ კვდება.
ჩემი მოკრძალებული აზრით, არაბული გაზაფხული არის ავთვისნებიანი სიმსივნე, რომელიც ყველა ქვეყანას ედება მეტასტაზებივით და განუკურნებელია. ჰო, ჩვენ ქვეყნებს როგორც ადამიანის სხეულს ისე აღვიქვამ. რომელიც აივ ინფექციითაა დაინფიცირებული და ადვილად შეუძლია სხვა ვირუსების დაჭერა. ის სხეულია, რომელსაც ადრე თუ გვიან შეეყრებოდა ეს დაავადება და ეს სწორედ გაზაფხულზე მოხდა.
მადლობა ღმერთს, ალჟირში არ გვაქვს  არაბული გაზაფხული, რევოლუცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არაა კონფლიქტები. აქ ხალხი მშვიდად ცხოვრობს, არ აქვთ პრობლემები რელიგიის გამო, მაგრამ ზოგიერთი მაინც ცდილობს შექმნას ეს პრობლემა. აქ არის რეგიონი სახელად Kabyle, რომელსაც განსხვავებული დიალექტი აქვს და განსხვავებული კულტურა. ნაწილი ფიქრობს, რომ მათ ცალკე სახელმწიფო უნდა ჰქონდეთ და ცალკე ქვეყანაში ცხოვრება ურჩევნიათ. სხვა მხრივ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გვაქვს. მაგალითად, ახლა ექიმები და პედაგოგებია გაფიცული არახელსაყრელი სამუშაო პირობების გამო.
აქ ცხოვრება ძალიან რთული არაა, მაგრამ არც მარტივია. დასაქმება რთულია. სტუდენტებისთვის არაა ისეთი სამუშაოები სწავლას რომ შევუთავსოთ. ჯანდაცვის, სპორტის, ხელოვნების სფეროს რაც შეეხება ვფიქრობ, შორს ვართ მისგან.
ალჟირში გვაქვს უფლება ვიფიქროთ, ვწეროთ, საჯაროდ დავაფიქსიროთ აზრი, ავირჩიოთ რელიგია, იდეოლოგია. ჩვენს ქვეყანაში ქალისა და კაცის უფლებები თანაბარია სწავლისას, მუშაობისას, პოლიტიკურ საქმიანობის პროცესშიც და ა.შ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პრობლემა ადამიანის გონებაშია. ადამაინები ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ქალი ამ ყველაფერს არ უნდა აკეთებდეს.

ეს პოსტი ეძღვნება ყველა ჩემ არაბ მეგობარს, რომელიც სიცოცხლისთვის მუდმივად იბრძვის!

Enter your text here ...

COPYRIGHT © SHUTTERSTOCK
შეაფასე ბლოგპოსტი:
უგემოვნო vs გემოვნებიანი
2018 წლის ნიუ იორკის მოდის კვირეული
 

კომენტარი 2

Guest - teona on სამშაბათი, 27 მარტი 2018 11:16

dzalian momecona. Warmatebebi linda♡♡♡♡

dzalian momecona. Warmatebebi linda♡♡♡♡
Linda Chikhladze on ოთხშაბათი, 28 მარტი 2018 00:41

მადლობა, თეო 3

მადლობა, თეო 3
ხართ ედვენსელი? შ ე ს ვ ლ ა
Guest
პარასკევი, 17 აგვისტო 2018